უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბერდიანსკის, მარიუპოლის, ხერსონისა და სკადოვსკის პორტების დახურვის ბრძანება გასცა.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საზღვაო პორტები დახურულია მათზე კონტროლის აღდგენამდე.
- ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან შეუძლებელია გემებისა და მგზავრების მომსახურება, ნავიგაციის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა ამ რეგიონებში რუსეთის ომის დროს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვაო ნავსადგურების ოპერირება განახლდება რუს ოკუპანტებზე უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.