რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე: ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთს დღეიდან უკრაინის ქალაქ ხერსონში თავისი ვალუტა შემოაქვს. რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე, ამბობს დიდი ბრიტანეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონი დაიკავეს, ქალაქში პრო-რუსული ადმინისტრაცია დასვეს.

„ხერსონის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებებით, ქალაქის უკრაინის კონტროლის ქვეშ გადასვლა „შეუძლებელია“ და საჭიროა ოთხთვიანი პერიოდი, როცა ხერსონი უკრაინული გრივნიდან რუსულ რუბლზე გადავა“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

„ხერსონსა და მის სატრანსპორტო კავშირებზე მუდმივი კონტროლი, გაზრდის რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს თავისი წინსვლა ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ და გააუმჯობესოს რუსეთის კონტროლის უსაფრთხოება ყირიმზე“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

რუსეთის ამ სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 29 აპრილს ისაუბრა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.