რომის პაპი: პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“

რომის პაპმა ფრანცისკემ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“

პონტიფიკოსმა, რომელიც ომის დაწყებისას რუსეთის საელჩოს ესტუმრა, თქვა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან 20 დღის შემდეგ, სთხოვა ვატიკანის დიპლომატიის ხელმძღვანელ კარდინალ პაროლინის, გაეგზავნა შეტყობინება პუტინისთვის მოსკოვში წასვლის მზადყოფნის შესახებ. „მაგრამ ვატიკანს ჯერ არ მიუღია პასუხი“, - აღნიშნა ფრანცისკემ. პაპი შიშობს, რომ პუტინს „არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის გამართვა ახლავე“.

ამასთან, რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს ჯერ არ გეგმავს. მისი თქმით, ის ჯერ მოსკოვში უნდა წავიდეს და პუტინს შეხვდეს.


შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა დღეს ისევ განაცხადა, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: