მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას. დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ხელშეკრულებების ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. მარიო დრაგის მიერ 3 მაისს გაკეთებულ ამ განცხადებას euobserver.com ავრცელებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპა პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა წავიდეს, რათა ეკონომიკური, ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად უკეთ მოემზადოს.

„თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყებას, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მარიო დრაგიმ.

იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა კონტინენტზე მშვიდობა.

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების ეს პრინციპი, რომელსაც ჯვარედინი ვეტოების ლოგიკისკენ მივყავართ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინაში ომს „უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ეკონომიკური“ კრიზისი უწოდა.

„კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება, რაც შეუძლებლად აქცევს ერთი ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენებით გადაწყვეტილებების დაბლოკვას. ევროპა, რომელსაც შესწევს ძალა, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არის ევროპა, რომელიც უფრო მეტად სანდოა მისი მოქალაქეებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ.

უკრაინაში ომის ფონზე იტალიამ რუსული გაზის ალტერნატივის ძიება აქტიურად დაიწყო და რიგი ხელშეკრულებებიც გააფორმა, მათ შორის ალჟირთან და კონგოსთანაც.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.