Bloomberg: რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც დღეს გამოცხადდა, მოიცავდა უძრავი ქონების ტრანზაქციების აკრძალვას.

Bloomberg-მა მოიპოვა შესაბამისი მასალები, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ. კერძოდ, ევროკომისიის წინადადებით შეჩერდება უძრავი ქონების ტრანზაქციეიბი რუსეთის მოქალაქეებთან, რეზიდენტებთან და იურიდიულ პირებთან.

სანქციები აკრძალავს „ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, ან უძრავ ქონებაზე წვდომის უზრუნველყოფას საწარმოებში საკუთრების უფლების პირდაპირ ან ირიბად გაყიდვას ან გადაცემას“.

აკრძალვა ვრცელდება რუსებზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები და არ აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების უფლება. ეს არ ეხება მათ, ვისაც აქვს მოქალაქეობა ან რეზიდენტია ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში.


4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ 

ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება