რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლების შედეგად მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
"მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში იმ მიზნით, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.
4 მაისს უკრაინელმა დამცველებმა დონბასში მტრის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის 5 ტანკი, 7 ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა. საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ცხრა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: 4 უპილოტო საფრენი აპარატი, სამი მტრის საკრუიზო რაკეტა და ორი თვითმფრინავი,“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.