გაერთიანებული სამეფო უკრაინას 57 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და მის საზღვრებთან მყოფი დაუცველი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს (57 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს.

„დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: