ზელენსკიმ დესაბჭოტიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კანონმდებლობის დესაბჭოტიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს დაევალა, უახლოეს მომავალში გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, ასევე, მოამზადოს ახალი შრომის კოდექსი, საბინაო კოდექსი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

„ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დეპუტატებმა დამოუკიდებლობის წინა 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, კანონის თანახმად, სსრკ-ის პერიოდის 1200 აქტი უქმდება. ამასთან, უკრაინის კანონმდებლობაში აღარ იქნება ნახსენები ტერმინები: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება“; „ლენინური იდეები კომუნისტური საზოგადოების მშენებლობისთვის“ და სხვა.

შეგახსენებთ, სამ მაისს, უკრაინის პარლამენტმა პორორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.


 ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.