ზელენსკი: ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, 500 000-ზე მეტი უკრაინელი რუსეთში გადაასახლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ისლანდიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ისინი აიძულეს, იქ წასულიყვნენ. მათ საბუთები და საკომუნიკაციო საშუალებები ჩამორთმეული აქვთ. მათ აგზავნიან იმ უცხო ქვეყნის შორეულ რაიონებში, რათა იქ ასიმილაცია მოახდინონ", - თქვა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში გადაყვანილი უკრაინელების რაოდენობა ისლანდიის მთლიან მოსახლეობასაც კი აღემატება.

CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს უკრაინელების რაოდენობას, რომლებიც საზღვრის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.