დმიტრო კულება: უკრაინა ყოველდღე, მათ შორის 9 მაისსაც მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის

24 თებერვალს რუსული აგრესიის დაწყებიდან უკრაინა მუდმივად რუსეთის საფრთხის ქვეშაა და უკრაინა ყოველდღე, მათ შორის 9 მაისსაც მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინმა შესაძლოა, ეს თარიღი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს და რაღაც გრანდიოზული გამოაცხადოს.

„მე არ მაშფოთებს 9 მაისი. სინამდვილეში, რა შეიძლება იყოს უარესი? უფრო მეტი რაკეტა გაფრინდება უკრაინის მიმართულებით? რუსებს შეუძლიათ, გაზარდონ ეს რიცხვი ნებისმიერ დროს - მანამდე, შემდეგ თუ 9 მაისს. მეტი რუსული ჯარი განლაგდება უკრაინაში? ეს შეიძლება მოხდეს ყოველდღე“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.