ლონდონში გამართულ Christie’s აუქციონზე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 90 ათას ფუნტად (110 ათასი დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აუქციონი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად გაიმართა და ლოტის საბოლოო ფასმა მის თავდაპირველ ღირებულებაზე ორჯერ მეტი შეადგინა.
ამასთან, თავად უკრაინის პრეზიდენტი აუქციონზე დამსწრეთა წინაშე წარდგა და მათ აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ ბორის ჯონსონს კი მან „მამაცი ბორისი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა კიევში, სადაც მაშინაც და ახლაც ომი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.