იტალიამ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო

იტალიის მთავრობის დავალებით, 6 მაისს პოლიციამ $700 მილიონად შეფასებული ძვირადღირებული იახტა Scheherazade დააკავა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა კავშირში. იტალიის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იახტის კონფისკაცია მოხდება. 

იახტა Scheherazade სექტემბრიდან გადიოდა რემონტს იტალიის პორტში Marina di Carrara-ში. ბოლოდროინდელმა აქტივობამ ნავსაყუდელზე, გააჩინა ეჭვი, რომ ეკიპაჟი შესაძლოა ზღვაში გასასვლელად ემზადებოდა. მანამდე პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ Scheherazade-ს მფლობელი იყო ედუარდ ხუდაინატოვი, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის (ROSN.MM) ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად არაა ევროკავშირის სანქციების სამიზნე.

იტალიის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დაყადაღების ბრძანება, თუმცა არ დაუსახელებია მფლობელის ვინაობა. მხოლოდ თქვა, რომ იახტა კავშირშია „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ წარმომადგენლებთან". ფინანსთა სამინისტროს თქმით, თავად მფლობელი არ იყო ბრიუსელის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედგენილ სანქციების სიაში. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რომმა სთხოვა ბრიუსელს ამის გამოსწორება და იახტის დაკავების ბრძანება გასცა გადაწყვეტილების მოლოდინში.

„პოლიცია იახტაზე 6 მაისს გვიან ავიდა ბრძანების შესასრულებლად“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ.

მარტში იტალიის პარლამენტში გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობას  დაეყადაღებინა იახტა Scheherazade, რათა მოეხდინა ზეწოლა პუტინზე და მის თანამოაზრეებზე უკრაინაზე თავდასხმის შესაჩერებლად. იტალიამ მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ($950 მილიონი) ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა სანქცირებულ მდიდარ რუსების, რომლებიც რეგულარულად ჩამოდიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ქონება ბევრ პრესტიჟულ ადგილას იყიდეს.

პოლიციამ Reuters განუცხადა, რომ სამართალდამცველები ცდილობდნენ დაედგინათ Sheherazade-ს ნამდვილი მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე და აიგო გერმანული ფირმა Luerssen-ის მიერ. Scheherazade საიდუმლო მფლობელს 2020 წელს გადაეცა, იახტას ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი აქვს და მას შეუძლია უმასპინძლოს 18 სტუმარს და ეკიპაჟის 40 წევრს.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ, მარტში გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ Scheherazade რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. პუბლიკაციის თანახმად, Scheherazade-ს ეკიპაჟის ბევრი წევრი რუსეთის ფედერალური სამსახურიდან იყო, რომელთაც ევალებათ რუსეთის პრეზიდენტის დაცვა.

კრემლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. არც გამოძიების კითხვებზე გაუცია პასუხი, იყო თუ არა პუტინი Scheherazade-ს მფლობელი და იყვნენ თუ არა რუსეთის ფედერალური სამსახურის წევრები ეკიპაჟის წევრები.


ასევე წაიკითხეთ