კარლ ჰარცელი: უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ

უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ სხვებთან ერთად სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური, სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით.

როგორც ვიცით, დისკუსიები უწყვეტად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარცელმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.