მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: რუსი სამხედროები იღუპებიან, რადგან სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ

რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმის დაწყებამდე, უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„NATO-ს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ასევე წაიკითხეთ:

ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.