უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია.
„მადლობელი ვართ ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში.
„ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა.
„უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს.
ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.