უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ იტყობინება. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, გაზის გამანაწილებელი სადგურ „სოხრანივკიდან“ და საკომპრესო სადგურ „ნოვოპსკოვიდან“, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელება შეუძლებელი ხდება.
აქედან გამომდინარე, უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ 11 მაისის 07:00 საათიდან შეაჩერებს გაზის ტრანზიტს ლუჰანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სადგურების გავლით.
საკომპრესო სადგური ნოვოპსკოვი ლუჰანსკის რეგიონში მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც გაზის თითქმის მესამედი (დღეში 32,6 მილიონ კუბურ მეტრამდე) რუსეთიდან ევროპაში მიედინება.
„ევროპელი პარტნიორების მიმართ ტრანზიტული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიუწვდომელი სიმძლავრის დროებით გადატანა შესაძლებელია სოხრანივკას პუნქტიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სუჯას პუნქტში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია განმარტავს, რომ არაერთხელ აცნობა „გაზპრომს“ რუსი ოკუპატების ქმედებების გამო, გაზის ტრანზიტისთვის შესაძლო საფრთხეების შექმნის შესახებ, მაგრამ ეს მიმართვები იგნორირებული იყო.