აშშ და დიდი ბრიტანეთი ვარაუდობენ, რომ ამერიკული სატელიტური ქსელის წინააღმდეგ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას

დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის დაზერვა ვარაუდობენ, რომ ამერიკულ სატელიტურ ინტერნეტ კომპანია Viasat-ზე კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას. შეტევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, 24 თებერვალს დაიწყო.

BBC-ს ცნობით, კიბერშეტევამ პრობლემები ცენტრალური ევროპის ინტერნეტ მომხმარებლებს, ასევე - ქარის ელექტროსადგურებს შეუქმნა.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საერთაშორისო მთავრობებმა დაადგინეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი KA-SAT (ფლობს Viasat-ი) ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე. ჩვენ გვქონდა და გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან და სამთავრობო უწყებებთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, - განუცხადა BBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დაზვერვის მკაფიო და შოკისმომგვრელი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განზრახ და მავნე თავდასხმას ადასტურებს.

„მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი. გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა. 

რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და  ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო“, - განაცხადა Europetime-თან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.