აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა, ევრილ ჰეინსმა, სენატის მოსმენაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.

ამერიკული დაზვერვა ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთი ვითარების ესკალაციას მოლდოვაშიც შეეცდება.

„ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება ვიაროთ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით. ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს. რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს“, - განაცხადა ჰეინსმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.