პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს

„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა.

„ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, - თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა დაიხარჯოს. „ასევე დღის წესრიგშია ნავთობსადენის სიმძლავრის გაზრდის საკითხი, რომელიც ხორვატიას უნგრეთთან აკავშირებს. უკვე ვთქვი, ეს წინადადება უნგრეთისთვის „ატომური ბომბის“ მსგავსია“, - აღნიშნა სიიარტომ.


Financial Times ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს.


რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. 

ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.