„მძიმედ დაჭრილ ბიჭებს აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოგვყავს. ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით. ჯერ შეთანხმება არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ამ დროისთვის აზოვსტალის სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია. „აზოვსტალის დამცველებს არ სურთ დანებება. ეს პატივისცემის ღირსია. რუსები არ ეთანხმებიან, ეს რეალობაა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის რუსებისგან", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად.
პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს.
7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე