მედია: ზელენსკი მზადაა პუტინთან სასაუბროდ, მაგრამ შუამავლებისა და ულტიმატუმების გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ დიალოგის საფუძველზე და არა ულტიმატუმებით. ამის შესახებ, მან იტალიურ ტელეარხ Rai 1-ს განუცხადა.

„მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ. მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე. დიალოგის პირობით და არა ულტიმატუმების პირობებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება, რადგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ვლინდება რუსი სამხედროების დანაშაულის ახალი ფაქტები. „დღეს დიალოგი შეუძლებელია რუსეთის ქმედებებზე მტკიცე პოზიციის გარეშე. ყველა ერთიანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაში, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებიან ევროპელი ლიდერები, აშშ, კანადა და ა.შ. ძლიერი არმიის გარეშე უკრაინა არ იქნება ძლიერი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც და ჩვენ გვჭირდება ეს ძალა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გზა, როცა მოსკოვთან ერთად ჭიქით მაგიდასთან ვიქნებით, გავლილია, ეს შეუძლებელია“. "უნდა იყოს პრაგმატული დიალოგი და აუცილებელია რუსეთის სურვილი", - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ხალხის მკვლელობით. „ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ყველა დასახლება "მთელი ჩვენი მიწაა". ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისგან. ყველაფერი თავდაყირა დგება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი არ საუბრობდა რაიმე სახის ავტონომიაზე, უბრალოდ წავიდა ტერიტორიის ასაღებად. „აქ საკითხი ასე დგას - სანამ ამ ტერიტორიების ამა თუ იმ ფორმატზე ვსაუბრობდით, ათიათასობით ადამიანის მოკვლა შეუძლებელი იყო. სწორედ აქ არის პრობლემა. დახოცეს, გაანადგურეს და ამბობენ - ახლა მოდით ავტონომიაო. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ ავტონომიას“.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერ მიაღწია წარმატებას შუამავლობით მოლაპარაკებებში რუსეთის სამხედრო შემოჭრის დასასრულებლად.


ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.