პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის საკითხზე, რუს ოკუპანტებთან მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მოლაპარაკებებში ყველა გავლენიანი შუამავალი ჩაერთო.
„ჩვენ არ ვწყვეტთ მთელი ხალხის გადარჩენის მცდელობას მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ახლა ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევაკუაციის მისიის შემდეგ ეტაპზე - მძიმე დაჭრილების, ექიმების გაყვანაზე, საუბარია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცახდა, რომ „აზოვსტალიდან“, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე