უკრაინასთან რუსეთის ომის გამო, ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.