დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ბელორუსი უკრაინის საზღვარზე ძალებს გაგზავნის

ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლეს სადაზვერვო ცნობებშია ნათქვამი. 

მან ასევე განათავსა საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ნაწილები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, საწვრთნელ პოლიგონებზე, იუწყება ბრიტანული დაზვერვა.

„საზღვრის მახლობლად ბელორუსის ძალების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინულ ჯარებს შეზღუდავს, ამიტომ, ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ დღემდე, ბელორუსის ძალები უშუალოდ არ იყვნენ ჩართული კონფლიქტში“, - აღნიშნულია დაზვერვის ცნობებში.

როგორ ხედავს აშშ ბელორუსს უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში

„ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მას უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - მიიჩნევს ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.