ჩინეთი იმედოვნებს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების სურვილის ფონზე, ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სპიკერმა აღნიშნა, რომ რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ახალ პირობებს წარმოშობს პეკინსა და ჰელსინკის ურთიერთობებში, რომლებიც ყოველთვის მეგობრული იყო.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთებების პატივისცემაზე დაყრდნობით, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შექმნიან რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად სტრუქტურას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.
15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.