ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 მილიონი გამოუყონ იარაღის შესაძენად.
11 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა, რომ რუსეთის ენერგოემბარგოს მხარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ბლოკი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე იმუშავებს და ალტერნატივას შესთავაზებთ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ