რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ.

ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო.

რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით.

„მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში.

ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ.

მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის.

როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში.

ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს.

ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება.

„შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება. 

„ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. 

აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

„დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“. 

თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში.

ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.