რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს. ამის შესახებ „უკრაინა24“ იუწყება.
- სერგეი ლავროვი: რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე
- მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას
”რუსეთის ფედერაციაში, ომის 82 დღის განმავლობაში, ჯერ ვერ გაიგეს, რომ მთლიანობაში უკრაინაში სიტუაცია არ არის ისეთი, როგორიც თავიდანვე ფიქრობდნენ. ისინი კვლავ ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოს არის უკრაინული ნაციზმი,“ - განაცხადა მან ტელემარათონის დროს.
„თუმცა შესაძლოა [მოლაპარაკების პროცესი] აღდგეს, ვფიქრობ მოდერატორი იქნება ვოლოდიმირ ზელენსკი“, - თქვა პოდოლიაკმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ კიევი პრაქტიკულად გამოვიდა მოსკოვთან მოლაპარაკებებიდან.
6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.