რუსეთის ლიდერების, სამხედრო მეთაურების და მათი მოკავშირეების დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ, სპეციალურმა საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გამოიძიოს. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით.
რეზოლუციაში პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საერთაშორისო სამართალწარმოებებსა და სასამართლოებში, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთისა და ბელორუსის რეჟიმების დევნას ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის გამო. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ეს გამოძიება და შემდგომი დევნა ასევე გავრცელდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა პერსონალსა და სამთავრობო მოხელეებზე, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.