მიუხედავად იმისა, რომ ასობით უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა აზოვსტალის ქარხანა ამ კვირაში, მარიუპოლის პირას ალყაში მოქცეული კომპლექსის შიგნით, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანია მაიორი ბოჰდან კროტევიჩი, აზოვის პოლკის შტაბის უფროსი. ამის შესახებ CNN წერს.
„ომი არ დასრულებულა, სრულმასშტაბიანი ომი ახლახან დაიწყო. თქვენ მოგიწევთ, გახდეთ მეთაურები და აიღოთ კონტროლი, ან გაიქცეთ და შემდეგ კიდევ უფრო დიდი დანაკარგი გელით“, ამბობს კროტევიჩი.
„აზოვის“ პოლკის კიდევ ერთმა ოფიცერმა, რომელიც ჯერ კიდევ ფოლადის ქარხანაშია, მოკლე ვიდეო გაავრცელა.
სვიატოსლავ პალამარი ამბობს:
„მე და ჩემი სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია. დეტალებს არ ვასახელებ. მადლობა მთელ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ.
აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.