ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი, $100 მილიონიანი დახმარების პაკეტი წარადგინა.
„უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას მივაწვდით, რომელსაც ისინი უკვე ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ბაიდენმა.
თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ, ისევე როგორც 40-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მუშაობას, რათა დააჩქაროს უკრაინის თავდაცვისთვის აუცილებელი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება.
პაკეტში შედის ჰაუბიცების მიწოდებაც. „ამ პაკეტის შესაძლებლობები მორგებულია უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებზე დღევანდელი ბრძოლისთვის, რადგან რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.
შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინას დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მათ შორის დაახლოებით 3,9 მილიარდი დოლარი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. 2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 6,6 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების დახმარება გამოყო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.