ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ

ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მინდა, რომ რუსეთს აღმოაჩნდეს საკმარისი ჭკუა, რათა მეორე ნაწილი ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან გავმართოთ და ამ მოლაპარაკების შედეგად სამართლიანობა საბოლოოდ აღდგეს. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. გამარჯვება რთული იქნება, გამარჯვებას ბრძოლაში მივაღწევთ, მაგრამ ომს დიპლომატია დაასრულებს. ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ზოგიერთი საკითხის გადაჭრა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ყველაფრის დაბრუნება გვინდა, რუსეთს კი არაფრის დაბრუნება არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

შარლ მიშელი: უკრაინა ომს მოიგებს, თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა