ზელენსკი: კიევი მზადაა რუსი ტყვეები „აზოვსტალის“ სამხედროებზე გაცვალოს

უკრაინა მზადაა, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც „აზოვსტალიდან“ მარიუპოლში, შემდეგ კი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენის თაობაზე ისევ მიმდინარეობს. ამ ინიციატივების ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთის, შვეიცარიის, ისრაელისა და საფრანგეთის ლიდერებთან, განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმ აღნიშნა, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ კიევი ელოდა და მზად იყო, რომ უკრაინელი სამხედროები რუს სამხედრო ტყვეებზე გაეცვალა. „ჩვენ დავაბრუნებთ მათ სახლში. ეს უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომელთაც პასუხისმგებლობა აიღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ყველა ღონეს გამოიყენებს კონფლიქტის დასასრულებლად და ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ომი უკრაინაში რუსეთმა გააჩაღა. „ომი რთულია, გამარჯვება კი ძალიან რთული და სისხლიანი იქნება, როგორც ბრძოლაში, მაგრამ დასასრული აუცილებლად დიპლომატიაში იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს უსაფრთხოების გარანტების წრის ფორმირება კიევის მიერ სანდო პარტნიორი ქვეყნებიდან. „ჩვენ მათთან ერთად ვაფართოებთ ამ პროექტს“, - თქვა ზელენსკიმ.

17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. 

აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.