მედია: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უკრაინიდან ლტოლვილებს ფარულად მასპინძლობს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება გადაწყვიტა და საკუთარი სახლის კარი გაუღო.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლებში უკვე განათავსეს უკრაინიდან ლტოლვილები. ინფორმაცია უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Express სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ცნობილია, რომ ლტოლვილთა საქმეების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც ომს გამოექცნენ ბრიტანეთში თავი კომფორტულად იგრძნონ. ამასთან, დაახლოებით 150 ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა პროგრამაში „სახლი უკრაინისთვის“ და თავის საცხოვრებელ ფართში უკრაინული ოჯახები განათავსეს.

„თითქმის 54 000 უკრაინელი ახლა უსაფრთხოდ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ახალბედებს იმუშაონ და ისწავლონ, რათა მათ შექმნან ცხოვრება აქ და მოუთმენლად ველი დიდ ბრიტანეთში უფრო მეტ ოჯახს", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლორდ ჰარინგტონმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.