პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს

პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევრომდე ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მემორანდუმს ხელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ კიევში მოაწერეს.

„უკრაინამ წელს უნდა მიიღოს პირველი ტრანში 100 მილიონი ევროს ოდენობით. ეს თანხა უკრაინას დაეხმარება, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ომის დროს და საშუალებას მისცემს მას, უფრო სწრაფად აღდგეს ჩვენი გამარჯვების შემდეგ. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა შმიგალმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.