გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

„ასეთი ნახტომის ერთ-ერთი კატალიზატორი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა დატოვა ქვეყანა, ხოლო კიდევ რვა მილიონი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.