მსოფლიოს ჯერ არ დაუწესებია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები, რაც მას აიძულებს, მისი აგრესიისთვის ფასი გადაიხადოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ ის ზომები დაასახელა, რომელიც დამაჯერებლად იმუშავებს მშვიდობის შენარჩუნებაზე ათწლეულების განმავლობაში.
„რუსეთმა და ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა, რომელთაც სურთ სასტიკი ომი მეზობლის წინააღმდეგ, ზუსტად უნდა იცოდნენ, რას იწვევს ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ დაწესებულა და ის უნდა დაწესდეს.
ემბარგო რუსულ ნავთობზე. ყველა ბანკის სრული ბლოკადა გამონაკლისის გარეშე, რუსეთის IT სექტორის სრული დატოვება, აგრესორთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს უნდა იყოს ზეწოლის პრეცედენტი, რომელიც დამაჯერებლად იმუშავებს მშვიდობის შენარჩუნებაზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აუცილებელია, შეიქმნას პრეცედენტი რუსული ბაზრიდან ყველა ბიზნესის სრული გაყვანისთვის, რათა მსოფლიო ქვეყნების ბრენდები არ იყოს დაკავშირებული ომის დანაშაულებთან.
„უკრაინა სთავაზობს ყველა კომპანიას, რომელიც დატოვებს რუსეთს, განაგრძოს მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ მიიღებთ წვდომას არამხოლოდ ჩვენს 40 მილიონი მომხმარებლის ბაზარზე, არამედ წვდომას ევროპის საერთო ბაზარზე და ამავდროულად, თქვენი ბრენდები და პოზიციები მხოლოდ გაძლიერდება, რადგან თქვენ ნამდვილად მხარს უჭერთ თავისუფლების დაცვას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.