აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინელი სამხედროებისთვის შეიარაღებაში მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, თეთრ სახლს შეუძლია, შესთავაზოს კიევს Boeing Harpoon და Naval Strike რაკეტები, რომლის სამიზნეც რუსეთის ფლოტილია უნდა გახდეს. ეს არის ფლოტილია, რომელიც ამჟამად უკრაინის პორტებს ბლოკავს.
ოფიციალური პირები თვლიან, რომ იარაღმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რუსული გემების დაშორებას უკრაინის ტერიტორიიდან და მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვის განახლებას მისცეს შესაძლებლობა.
აქვე აღნიშნავენ, რომ რაკეტები, რომელთა ღირებულება დაახლოებით $1,5 მილიონი (1,2 მილიონი ფუნტი) და 300 კმ დიაპაზონზე ფრენა შეუძლია, ძირითადად, საზღვაო რაკეტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას შეიძლება, ნაპირიდან გასროლა გაუჭირდეს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 20 ხომალდი, მათ შორის წყალქვეშა ნავები აქტიურია რეგიონში.
19 მაისს, გაერომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას. უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა გზებს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის მარჩუკმა განაცხადა.
„შავი ზღვის პორტები, რომლებითაც ექსპორტის 90 პროცენტი გადიოდა ომამდელ პერიოდში (ყოველთვიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა მარცვლეულს ვტვირთავდით ჩვენი პარტნიორებისთვის), ომის პირველივე დღეებიდან დაბლოკილია. ბუნებრივია, შემცვლელის პოვნა ძალიან რთულია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე - რკინიგზით, ავტომანქანებით ევროპისკენ, მდინარის პორტებით. რა თქმა უნდა, ამას სრულფასოვან ალტერნატივას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, ასეთ პირობებში ვიმუშაოთ. რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა. მარტში ამ გზით 200 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი გავიტანეთ, აპრილში კი უკვე მილიონ ტონაზე მეტი“, - განაცხადა დენის მარჩუკმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.