BBC : უკრაინაში რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი დაიღუპა. ინფორმაცია პილოტის გარდაცვალების შესახებ BBC-ს ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა დაუდასტურა, რომლებიც სამსახურის დასრულების შემდეგ მასთან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. მათ პირადი უსაფრთხოების მიზეზების გამო ანონიმურობა მოითხოვეს.

ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის პილოტია, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა. პენსიაზე გასვლამდე იყო საავიაციო პოლკის მეთაური. ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის მონაწილეობა საჰაერო ბრძოლებში შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, თუ რამდენად რთულ ამოცანებს აყენებს მოსკოვი სამხედრო მფრინავებისთვის, ასევე მიუთითებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაზე.

კვირას, 22 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ რუსული სუ-25 ჩამოაგდეს ლუგანსკის რეგიონში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC იუწყება უკრაინაში სულ მცირე 31 რუსი სამხედრო მფრინავის დაღუპვის შესახებ. „ეს არის მგრძნობიარე დანაკარგები საჰაერო ძალებისთვის, თუმცა რეალური რიცხვები შეიძლება იყოს უფრო მაღალი“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.