საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მათ ანგარიშებზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. არსებული მონაცემები ანდრი კასიანოვმა მედიას გააცნო.
მისივე თანახმად, საელჩოს სხვადასხვა ანგარიშზე ჩარიცხულია 2 380 625 ლარი, 57 ათას დოლარზე და 2600 ევროზე მეტი. ამ ეტაპზე, საელჩოს ანგარიშებზე რჩება 845 ლარი, 21 ათას დოლარზე მეტი და 766 ევრო.
რაში დაიხარჯა საელჩოს ანგარიშზე დარიცხული თანხა, ანდრი კასიანოვმა ისაუბრა:
შეძენილია 600 "საველე აფთიაქი", რომლის საფასურია 114 ათასი დოლარი;
50 ათასი დოლარი დაიხარჯა ბავშვთა კვების საშუალებებში;
90 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა ტაქტიკური მედიცინის და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა მასალები);
544 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა სურსათის შესაძენად (ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები).
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.