აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებისთვის ახალი მექანიზმი აამოქმედეს

  • აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ შექმნილი ჯგუფი უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფთან ითანამშრომლებს

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. ახალი ჯგუფის ამოქმედების შესახებ სახელმიწო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. ახალი მექანიზმი, სახელწოდებით Atrocity Crimes Advisory Group (ACA),  უკრაინის გენერალურ პროკურატურას სტრატეგიული რჩევებითა და ოპერატიული დახმარებით უზრუნველყოფს. კერძოდ, ითანამშრომლებს უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფთან, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ მთელ რიგ საერთაშორისო ძალისხმევას, ხსენებულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, (OPG) უკრაინის გენერალური პროკურატურა ომის დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეში მონაწილეების პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა დაამატა, რომ ACA  იუსტიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით იმუშავებს, რადგან ანგარიშვალდებულების საკითხი აშშ-ის სასამართლოებში სწორედ მას ეხება. ასევე, ACA  რეგიონში განლაგებული საერთაშორისო პროკურორებისა და სხვა სამხედრო დანაშაულების საკითხებში ექსპერტების გუნდს დააფინანსებს. 

შეგახსენებთ, 23 მაისს, ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.