ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას 20 M113 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამასთან ერთად, ლიეტუვამ ასევე გადაწყვიტა, უკრაინას მიაწოდოს სამხედრო სატვირთო მანქანები და 10 SUV განაღმვის ოპერაციებისთვის.
„ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინის გამარჯვებისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად. ლიეტუვამ გასწია პირველი დახმარება ომის დაწყებამდე და ახლა ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ დამატებით ეფექტიან მხარდაჭერაზე, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნავს ლიეტუვის თავდაცვის უწყება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.