ომის დანაშაულის მეორე სასამართლო პროცესი უკრაინაში: რუსმა ჯარისკაცებმა ბრალი აღიარეს

ომის დანაშაულის რიგით მეორე სასამართლო პროცესზე ორმა რუსმა ჯარისკაცმა ბრალი აღიარა. ორ არტილერისტს, ალექსანდრე ბობიკინს და ალექსანდრე ივანოვს ქალაქის დაბომბვით ომის კანონების დარღვევაში ედებათ ბრალი. პროკურორები ბრალდებულებისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ. მათი თქმით, დაბომბვამ გაანადგურა საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ დერჰაჩიში.

„მე სრულიად დამნაშავე ვარ იმ დანაშაულებში, რომლებშიც ბრალს მდებენ. უკრაინას რუსეთიდან ვესროლეთ“, - განუცხადა ბობიკინმა სასამართლოს კოტელვაში, პოლტავას რეგიონში.

„ვნანობ და ვითხოვ სასჯელის შემცირებას“, - ამბობს მეორე ბრალდებული ივანოვი.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები ბრძანებას ასრულებდნენ. რუსი ოფიციალური პირების მხრიდან ამ საქმეზე კომენტარი არ გაკეთებულა. საბოლოო განაჩენი 31 მაისს არის მოსალოდნელი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.