ომის დანაშაულზე პირველი სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. ვადიმ შიშიმარინი პარასკევს, კიევის სასამართლოს წინაშე წარსდგა ომის დანაშაულებზე პირველი სასამართლო განხილვის მესამე დღეს - მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
მას ბრალად ედება სუმის ოლქში, უიარაღო პირის მკვლელობა და ომის წარმოების წესის დარღვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რუს ჯარისკაცს 15 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადვოკატი იცავს შიშიმარინის ქმედებებს.
„შიშიმარინმა და სხვა რუსმა ჯარისკაცებმა „არ იცოდნენ, რომ შემდგომი ქმედებები გამოიწვევდა არამხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილსაც“, - ამტკიცებს ადვოკატი. მისი თქმით, შიშიმარინი იმყოფებოდა სტრესში, რომელიც გამოწვეული იყო საბრძოლო სიტუაციით და მისი მეთაურის ზეწოლით. ამ გარემოებების ანალიზი მაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ შიშიმარინს მკვლელობის პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია", - განაგრძო ადვოკატმა.
ცნობისთვის: ჯარისკაცმა ოთხშაბათს ბრალი აღიარა. უკრაინის სუმის რეგიონში უიარაღო 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ხუთშაბათს, ოკუპანტი ძალის ჯარისკაცმა მოკლულის ცოლის წინაშე ბოდიში მოიხადა.
ვწუხვარ და გულწრფელად ვნანობ. იმ მომენტში ვნერვიულობდი. არ მინდოდა მოკვლა. მაგრამ ეს მოხდა და მე ამას არ უარვყოფ“, - თქვა პარასკევის სხდომაზე ვადიმ შიშიმარინმა.
პროკურორ, იაროსლავ უშაპივსკის განცხადებით, რუსი სამხედროს დანაშაული მტკიცდება არამხოლოდ მისი აღიარებით, არამედ ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით. გამოძიებას ასევე წარმოდგენილი აქვს იარაღი, რომლითაც შიშიმარინი ისროდა.
21 წლის ვადიმ შიშმარინი მოსკოვის ოლქის მე-4 სატანკო დანაყოფში მსახურობდა. უკრაინელმა სამხედროებმა ის სუმის ოლქში ბრძოლებისას აიყვანეს ტყვედ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.