- ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
- უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, რომლის ქვეყანაც NATO-ში გაწევრიანების მოლოდინშია, უკრაინაში ვიზიტისას ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, რუსეთის ომის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ქალაქების აღდგენის საკითხიც განიხილა. „ძალიან რთული იყო იმის დანახვა, რაც რუსეთმა გაუკეთა ამ ქალაქებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისა და მთელი ევროპისთვის“, - ციტირებს სანა მარინს ზელენსკის ოფისი. მარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას და ხალხს დღეს ძალიან კარგად ესმით უკრაინელების, მათი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„უკრაინისთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არის ის, რაც ჩვენი მიწის დაცვას უზრუნველყოფს. მადლობა ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინს ვიზიტისა და თავდადებული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ განცხადებაში.
„დელეგაციამ მოინახულა ის ტრაგიკული ადგილები, სადაც რუსულმა არმიამ მშვიდობიანი უკრაინელების გენოციდი ჩაიდინა. რუსმა დამპყრობლებმა დაანგრიეს სახლები. ეს არ არის მხოლოდ ომი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის ომი კაცობრიობისა და დემოკრატიულ ღირებულებების წინააღმდეგ. ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო საზოგადოების დახმარებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნავს თავის მხრივ, კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია სანა მარინის ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მარინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უმასპინძლა. „მოხარული ვარ, რომ ფინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება შეძლო. ევროკომისიის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული ენერგეტიკული პაკეტი გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მთელ ბლოკს დაეხმარება, შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე, - აღნიშნა სანა მარინმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.