მედია: EU უკრაინის ექსპორტის განსაბლოკად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნას განიხილავს

ევროკავშირი, უკრაინის აგრარული პროდუქტების, რუსეთის ბლოკადისგან გასათავისუფლებლად, სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ El Pais წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ბრიუსელში იმ ქვეყნებში შექმნილ ვითრებას და შიმშილის საფრთხეს განიხილავენ, რომლებიც უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული.

ევროკავშირი მზადაა ყველა რესურსის მობილიზებისთვის, რათა უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის შედეგად, მესამე სამყაროს ქვეყნებზე არსებული წნეხი შეამსუბუქოს. განიხილება სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა, რომლის თანხლებითაც უკრაინის პორტებიდან გემებით, ხორბლის გამოტანა განხორციელდება. ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ასევე გაჟღერდება მოთხოვნა ვლადიმერ პუტინთან მიმართებით, რომ უკრაინას პორტებში დაბლოკილი ხორბლისა და სასურსათო პროდუქტების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს.

ამასთან გამოცემა წერს, რომ სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა და უკრაინული ხორბლის პორტებიდან გამოტანის ოპერაცია, რისკებს შეიცავს, რადგან რუსეთის საზღვაო ფლოტთან დაპირისპირების საფრთხე რეალურია. მაგრამ ბრიუსელი ასეთივე შეშფოთებით უყურებს მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისს, იმ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული.

ამ დროისთვის, EU მსოფლიოში 18 ოპერატიულ მისიას აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე სამხედრო-საზღვაო მისიაა. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაზე იარაღის ემბარგოს აღსრულება, ან მეკობრეობასთან ბრძოლა ინდოეთის ოკეანეში სომალის სანაპიროსთან.

„მაგრამ ყველა გამოკითხული წყარო აღიარებს, რომ შავ ზღვაში ხორბლის განბლოკვის ოპერაცია უპრეცედენტო რისკია ევროპული ძალებისთვის. ევროკავშირს სურს აჩვენოს შიმშილის წინაშე მყოფ ქვეყნებს, რომ მარცვლეულის დეფიციტი არა ევროპული სანქციები შედეგია, როგორც რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადითაა გამოწვეული“, - ამბობს გამოცემის წყარო. 


  •  უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.