უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რაიონში, ფრონტისპირა ზონაში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.
„დამპყრობლებს დიდი ხნის წინ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმები განიხილა. „ჩვენ უნდა ვიპოვოთ სახსრები, საკრედიტო ხაზები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს გარანტიები. ქალაქებისა და რეგიონების ლიდერებმა კი, დიდი პროექტებისთვის ფინანსური რესურსები მოიძიონ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რეგიონის ტერიტორიის 31% ამჟამად ოკუპირებულია, მანამდე კი, უკრაინის ჯარებმა რუსი დამპყრობლებისგან 5% გათავისუფლეს. „ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, სრულად შევამოწმოთ ზოგიერთი გათავისუფლებული დასახლება, ჩავატაროთ სრულფასოვანი განაღმვითი სამუშაო და დავიწყოთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რადგან დაბომბვა გრძელდება. სადაც შეგვიძლია ამის გაკეთება, დისტანციურად, ვაკეთებთ", - განაცხადა სინეგუბოვმა. მანვე დაამატა, რომ ხარკოვში 2229 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, მათ შორის 225 მთლიანად განადგურდა. ხარკოვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში მთლიანი საცხოვრებელი ბინების 30,2% დაზიანდა ან განადგურდა.
პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ერთ-ერთი უბანი დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ჟუკოვსკის მიდამოებში ცეცხლი გახსნეს. დაზიანებულია სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი.
უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი დაღუპულ უკრაინელ სამხედროთა რაოდენობას ათჯერ აღემატება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. შმიგალის თქმით, ეს ადასტურებს, რომ რუსეთის არმია ომობს არა შეიარაღებულ რაღებულ ძალებთან, არამედ, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი კი, ლტოლვილად იქცა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.