უკრაინა სევეროდონეცკის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილების წინაშეა - ანალიტიკოსი

თავდაცვისა და უსაფრთხოების ანალიტიკოსი BBC-სთან ამბობს,  რომ რუსებმა ძალები ლუგანსკში, განსაკუთრებით სევეროდონეცკში შეტევისთვის გადაიტანეს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. პროფესორმა მაიკლ კლარკმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინული ძალები საკვანძო გადაწყვეტილების წინაშე დგანან, შეეცადონ, გადაარჩინონ სევეროდონეცკი, რომელიც, „მალე ყველა მხრიდან იქნება გარშემორტყმული“, ან გაიყვანონ ძალები უსაფრთხო ადგილზე, დასავლეთით.

„თუმცა როგორც ჩანს, მათ სურთ ბრძოლა. დასავლეთით უკრაინელებს დაახლოებით, ოთხი ბრიგადა ჰყავთ.  რუსები მათ უკან შეღწევას ცდილობენ. თუ ეს გააკეთეს, მაშინ ამ ბრიგადებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

რუსეთის ჯარები სიევიეროდონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში შევიდნენ, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა. შესაბამისი განცხადება ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ გააკეთა.

ჰაიდაის თქმით, სიევიეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

„მტერი იყენებს ყველა სახის იარაღს, მათ შორის ავიაციას. თუმცა, უკრაინელი სამხედროები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვას, რათა მტრის უფრო ღრმა წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე არ მოხდეს. რუსული ჭურვების შედეგად სიევიეროდონეცკის ორი მცხოვრები დაიღუპა, ხუთი კი, დაშავდა. მათი უმეტესობა ქალაქის ძველი ნაწილის იმავე საცხოვრებელი კვარტალიდანაა. ეზოში საჭმელს ამზადებდნენ, უეცრად დაბომბვა დაიწყო. სიროტინის ორი მცხოვრები მძიმედ დაშავდა. ყველა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და დონეცკის რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს “, - აღნიშნა ჰაიდაიმ.

29 მაისს, სულ მცირე 12 სახლი დაინგრა სიევიეროდონეცკში, 18 - ლისიჩანსკში, 10 - ვრუბივკაში, სამი - ზოლოტეში, ორი - ნირკოვეში, ორი - მიკოლაივკაში, ორი - ვიქტორივკაში.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა  მტრის 14 თავდასხმა მოიგერიეს, ორი რუსული საარტილერიო სისტემა და 11 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. უკრაინის საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა ორი საკრუიზო რაკეტა და სამი (KUB) უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 


რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.