უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი იური საკი დასავლეთიდან მძიმე შეიარაღებისა და მძიმე არტილერიის მიწოდების საკითხზე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული რაოდენობით ასეთი იარაღი ბოლო თვეს მიიღო, მაგრამ ჯერ კიდევ მეტია საჭირო.
საკის თქმით, ამჟამად ყველაზე აქტიური მოთხოვნაა ეგრეთ წოდებულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე, (MLRS) რადგან მათ აქვთ უფრო დიდი სროლის დიაპაზონი, ვიდრე ამჟამად არსებულს.
„ისინი საშუალებას მოგვცემს, გამოვასწოროთ დისბალანსი არტილერიაში. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად შეცვლის „თამაშის წესებს“, - ამბობს საკი.
მისივე თქმით, უკრაინა არასოდეს დათანხმდება ამ ომის დასრულებას გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ.
„ჩვენ გვჭირდება სამხედრო მხარდაჭერა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სულ მცირე 24 თებერვლამდე არსებული სურათის მიხედვით“, - აღნიშნავს თავდაცვვის სამინისტროს მრჩეველი.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.
უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.