ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენი პრიორიტეტია, უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, კიევში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ის უკრაინის დედაქალაქში დიპლომატიურ მისიას, აშშ-ის ელჩის სამწლიანი არყოფნის შემდეგ ხელმძღვანელობს.

ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. მან უკვე გადასცა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიევის ცენტრში პატივი მიაგო უკრაინის დასაცავად დაღუპულთა ხსოვნას.

„ჩვენი პირველი პრიორიტეტია დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ხსოვნის დღეს [შეერთებულ შტატებში 30 მაისს აღინიშნა], პატივი მივაგეთ მათ, ვინც დაიღუპა თავსი ქვეყნის დასაცავად. წარვადგინე ჩემი რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დავიწყე დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე. 


ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.

2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.